„პიუნიკმა“ საქართველოში შეკრება „ტორპედოს“ მეორე შემადგენლობასთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოში შეკრებაზე მყოფმა ერევნის „პიუნიკმა“ საქართველოში მორიგი საკონტროლო მატჩი ქუთაისის „ტორპედოსთან“გამართა და 3:0 გაიმარჯვა.
სომხეთის ვიცე-ჩემპიონიდან იუსუფ ოტუბანჯომ თავი დუბლით გამოიჩინა, ერთი გოლიც ალექსანდრე მილიკოვიჩის ანგარიშზეა. სომხური გუნდი, რომელიც თბილისში ევროთასებისთვის ემზადებოდა, საქართველოს თასის მფლობელის სარეზერვო შემადგენლობას დაუპირისპირდა და არა – მთავარ გუნდს.
„ტორპედომ“ 4 ივლისს საქართველოს სუპერთასის მესამე ადგილისთვის მატჩი გორის „დილას“ პენალტების სერიაში მოუგო. მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „პიუნიკთან“ გუნდის ლიდერები დაასვენა, რადგან ქუთაისელებს 13 ივლისს კონფერენსლიგაზე პირველი თამაში ელით საკუთარ მოედანზე ბოსნიურ „სარაევოსთან“ (სადაც გიორგი გულიაშვილი თამაშობს).
„ტორპედოს“ გარდა „პიუნიკმა“ საქართვლოში კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – 0:0 ითამაშა „თელავთან“ და 7:1 მოუგო „სამგურალს“. სომხურმა კლუბმა საქართველოში შეკრება დაასრულა.