„პისტონსი“ „ჰითთან“ ოვერტაიმში დამარცხდა
„პისტონსი“ „ჰითთან“ ოვერტაიმში დამარცხდა

NBA-ს მორიგ შეხვედრაში დეტროიტ „პისტონსი“ მაიამი „ჰითს“ დაუპირისპირდა. დეტროიტელების შემადგენლობაში მცირე დრო მიეცა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას. მან პარკეტზე მხოლოდ რვა წუთი დაჰყო და არც ერთი ქულა არ ჩაუგდია.

კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გუნდის ძირითადმა ცენტრმა, ანდრე დრამონდმა. მის ანგარიშზე 25 ქულა, 24 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა იყო. კარგად ითამაშა ბლეიკ გრიფინმაც, რომელმაც 24 ქულას, 15 მოხსნას და შვიდ ასისტს მოუყარა თავი. სამწუხაროდ, დეტროიტელებს მათი გარჯა გამარჯვებისთვის არ ეყოთ და სეზონში მეოთხედ დამარცხდნენ.

„ჰითის“ მხრიდან საუკეთესო ჯოშ რიჩარდსონი იყო, რომელმაც 27 ქულა, რვა მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კარგად გამოიყურებოდა გორან დრაგიჩიც, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. 

საბოლოო ჯამში, „ჰითმა“ მეტოქე ოვერტაიმში, ხუთქულიანი სხვაობით დაამარცხა – 120-115.

„პისტონსმა“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა მათ ანგარიშზე ოთხი გამარჯვება და ხუთი მარცხია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებენ. ანალოგიური სტატისტიკა აქვს „ჰითს“, რომელიც ამავე კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.