პირველი ვარსკვლავი, მოგება ახალი სტატუსით და საჩემპიონო დერეფანი - ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 35-ე ტურის მატჩში ბათუმის „დინამო“ წყალტუბოს ჩემპიონის სტატუსით ესტუმრა. ამის აღსანიშნავად, გუნდს სავარჯიშო ფორმაზე პირველი საჩემპიონო ვარსკვლავი ჰქონდა გამოსახული.
ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონად აღზევებულ ბათუმის „დინამოს“ წყალტუბოში ღირსეულად დახვდნენ – პატივისცემის ნიშნად, „სამგურალის“ ფეხბურთელებმა მეტოქეს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და წარმატება მიულოცეს.
გია გეგუჩაძის გუნდმა ეს შეხვედრაც მობილიზებულად და მაღალ დონეზე ჩაატარა და „სამგურალის“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიზანს მაინც მიაღწია და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში ბათუმელებმა 50-ე წუთზე გახსნეს. მასპინძელთა კარი ჯაბა ჯიღაურმა აიღო. მეორედ „სამგურალს“ გაგი მარგველაშვილმა (84) გაუტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ოლეკსანდრ აზაცკიმ (88) დააფიქსირა და ჩემპიონის რანგში ბათუმელებმა პირველი მატჩი 3:0 მოიგეს.
35 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 74 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ (67) სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო წყალტუბოში „სამგურალი“ (41) – მე-7 ადგილზე დაქვეითდა. თუმცა, გუნდს ლიგიდან გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება.