პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები რუსეთს 10-3 ამარცხებს (ვიდეო)
ქალაქ კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარეობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს: მერვე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ შორეული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნები წინ გაიყვანა – 3-0. უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ, რუსებმა ჩვენს ლელოსთან საკმაოდ სახიფათო შეტევები განახორციელეს, თუმცა ქართველებმა თავის დაცვა კარგად მოახერხეს. მთლიანობაში, მატჩის ხარისხს დაღი ძლიერმა წვიმამ დაასვა, რომელიც მორაგბეებს სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა.
ამას მოჰყვა ბორჯღალოსნების რამდენიმე სახიფათო შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედანთან, 31-ე წუთზე კი რუსებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს: კუშნიაროვმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და 3-3.
ტაიმის ბოლოს ქართველმა მორაგბეებმა მაინც მოახერხეს რუსების გატეხვა და ხანგრძლივი შეტევის შემდეგ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა.
ამრიგად, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარშია 10-3 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხზე მიმდინარეობს.