ტალინის „საკუ არენაზე“ მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები, მასპინძელ ესტონეთს ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს.
ილიას ზუროსის გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 22:19 მოიგო. მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. მეოთხედი 19:13 და შესაბამისად ტაიმი – 41:32 მოიგო.
საქართველოს ნაკრების რიგებში 15 ქულით საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჯამში კი პირველ ტაიმში ფიცარნაგზე არასრული 16 წუთი დაჰყო და ქულებთან ერთად 8 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 8 ქულით იანარი იოესარი ლიდერობს.
შეგახსენებთ რომ რვა ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები L ჯგუფში, სამი მოგებითა და ხუთი მარცხით მეხუთე ადგილზეა. მომავალ წელს ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.
ამავე ჯგუფში, დღეს ისრაელმა სერბეთს უმასპინძლა და მოულოდნელად 83:74 დაამრცხა. საბერძნეთისა და გერმანიის მატჩი კი პარალელურად მიმდინარეობს და პირველი ტაიმის შემდეგ ბერძნები 45:35 იგებენ.