პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება და მას ევროპის სუპერთასი ეწოდება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე ფრენჩაიზები. უკვე ცნობილია, რომ პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, ორი რუსეთიდან.
პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.
აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი);
დასავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: ბრიუსელს დევილზ (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანზ (ესპანეთი).
ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება. გუნდები შინ და გარეთ ექვს ტურს ითამაშებენ – ორ-ორს სექტემბერში, ოქტომბერში და დეკემბერში.
თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე გუნდი ნახევარფინალში გავა და პირველადგილოსნები მეორეებს აპრილში ეთამაშებიან, ფინალი კი მაისში გაიმართება. სამომავლოდ იგეგმება, რომ მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდოს.
უმნიშვნელოვანესი ტურნირი ქართული რაგბისთვის
რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის დაარსებას ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანეს წამოწყებად მიიჩნევს. შესაძლოა, ეს პროექტი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, ქართული რაგბის მომავლისთვის.
„ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია, მთავარი კომპონენტი მისი წინსვლისთვის და უმნიშვნელოვანესი იყო მისი შექმნა. სულმოუთქმელად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას. გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ეს პროექტი. პირველი თამაშები სექტემბერშია დაგეგმილი და გულშემატკივარს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით“, – ამბობს ხურციძე და განაგრძობს:
„მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ გვსურს ჩვენმა ფრენჩაიზმა უფრო ძლიერ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა (მაგ. კელტური ლიგა), ამ ეტაპზე რაგბი ევროპის სუპერთასში ჩართვა, ამ ახლად შექმნილი ფრენჩაიზისთვის ზედგამოჭრილია. მასში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, სამომავლოდ ევროპის სუპერთასი გახდება „ჩელენჯ ქაფის“ შესარჩევი ეტაპი. პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენი ფრენჩაიზი „ქარი ქაფშიც“ მიიღებს მონაწილეობას“.
ფრენჩაიზიდან დიდი 10-ის კლუბებში
ხურციძის თქმით, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის სახელს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს:
„გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს ხშირად მოიხსენიებენ ლომებად; მსგავსი სახელით სპორტულ სივრცეში არცერთი გუნდი არ არის; არაოფიციალურ სარაგბო ჰიმნში არის ფრაზა – „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. გარდა ამისა, ინსპირაცია იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატი „შავი ლომი“, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვადასხვა ვარიანტებიდან არჩევანი ამ სახელზე შევაჩერეთ“.
იმისათვის, რომ მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ, არის იდეა, რომ მათ არასატურნირო დღეებში დიდი 10-ის კლუბებში ითამაშონ:
„გვაქვს ვალდებულება, რომ ფრენჩაიზში მინიმუმ 36 მოთამაშე გვყავდეს დაკონტრაქტებული. ეს არის საშუალება, რომ შევამციროთ მოთამაშეთა გადინება დაბალი დონის კლუბებსა და ჩემპიონატებში. ამ ეტაპზე კონტრაქტი გავაფორმეთ იმ მორაგბეებთან, რომლებიც სანაკრებო სივრცის (ბორჯღალოსნები, 7-კაცა) მოთამაშეებად მოიაზრებიან და კონტრაქტიდან თავისუფალი იყვნენ. ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება პერსპექტიული მოთამაშეების დამატება საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონიდან“.
„ჩვენი სურვილია, რომ შიდა ჩემპიონატის კლუბებს მიეცეთ შესაძლებლობა და ფრენჩაიზიდან დიდი 10-ისთვის დაარეგისტრირონ მაქსიმუმ 3-3 მოთამაშე. როდესაც „შავ ლომს“ არ ექნება თამაშები, ან რომელიმე მორაგბე ვერ მოხვდება სამატჩო განაცხადში, მათ შეეძლებათ კლუბების გაძლიერება და არც თავად დააკლდებათ სათამაშო პრაქტიკა. ეს არის აპრობირებული მეთოდი. მსოფლიოს ყველა წამყვანი ფრენჩაიზის მორაგბე, თავისუფალ დროს ამა თუ იმ კლუბის შემადგენლობაში თამაშობს შიდა ჩემპიონატში. ეს მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება, კლუბებსაც წაადგება და ჩემპიონატსაც გააძლიერებს“.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი