პირველი მოგება მსოფლიოს შესარჩევში ბოლო 9 წელიწადში - საქართველოს ნაკრებმა პრიშტინაში კოსოვო დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე კოსოვოს დაუპირისპირდა და როგორც იქნა, ქართველი გულშემატკივარი გაახარა.
ფაქტები
- 2012 წლის 8 სექტემბრის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე.
- თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით მე-13 გოლი გაიტანა და ნაკრების ბომბარდირებში მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
- ამ ციკლში საქართველოს ნაკრებისთვის პრიშტინაში გამართული მატჩი პირველია, რომელშიც ერთზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.
- პრიშტინაში გამარჯვებით საქართველომ სატურნირო ცხრილში კოსოვოს მხარეს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა.
- ფრანგ მწვრთნელ ვილი სანიოლისთვის ეს იყო პირველი მოგება საქართველოს ნაკრების სათავეში ოფიციალურ მატჩში.
შემადგენლობას დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული გურამ კაშია. თამაშის უფლება მიიღო გოგა ჩაბრაძემაც, რომელსაც საბერძნეთთან მატჩში მონაწილეობის უფლება ასევე ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო არ ჰქონდა, მაგრამ ვილი სანიოლმა ამ პოზიციაზე ისედაც ოთარ კაკაბაძის დაყენება ამჯობინა.
დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავასა და გიორგი აბურჯანიას ნაცვლად, ვაკო გვილია და ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდნენ, ხოლო ტრავმირებულ გიორგი მიქაუტაძეს, თავდასხმაში შემტევი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის თამაში ამჯობინა. საქართველოს ნაკრებს ავადმყოფობის გამო ბოლო მომენტში გიორგი ჩაკვეტაძეც დააკლდა და ვილი სანიოლმა ის გიორგი წიტაიშვილით ჩაანაცვლა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო – მე-11 წუთზე გიორგი წიტაიშვილის წამოწყებული შეტევის შემდეგ, მასპინძელთა მეკარის შეცდომით თორნიკე ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ეს ბოლო ოთხ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების პირველი გოლი იყო.
მე-16 წუთზე საგოლე შეტევა ისევ წიტაიშვილმა წამოიწყო, კარის წინ გურამ გიორბელიძე მოძებნა, მაგრამ შეტევაში ჩართულმა ქართველმა მცველმა კარს დიდი მანძილით ააცილა და მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.
კოსოვოელებმა ტაიმის ბოლოს ტემპი და ზემოქმედება გაზარდეს, მთელი ძალებით შემოგვიტიეს და მიზანს მიაღწიეს. მართალია, ჯერ ვიდეორეფერიმ ჩვენს კარში გოლი არ დააფიქსირა, მაგრამ 45-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვედატ მურიქიმ უნაკლოდ გამოიყენა – 1:1.
ვილი სანიოლიმ შეცვლები გამოიცნო. კოსოვოელებმა როდესაც მთელი ძალებით შემოგვიტიეს, სამმაგი ცვლილება განახორციელა და 82-ე წუთზე გოლიც გავიტანეთ. მარცხენა ფლანგიდან ირაკლი აზაროვმა მიიღო ბურთი და საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც მცველებს ზურიკო დავითაშვილმა აჯობა და ზუსტი თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:2.
87-ე წუთზე საბა ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ახლოდან სუსტად დაარტყა, მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა და კოსოვოელები აშკარა გოლს გადაურჩნენ.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო 9 წელიწადში პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, კოსოვოს ნაკრები კი ბოლო ადგილზე დააქვეითა. კოშმარული თამაშების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გამარჯვება დაიმსახურა.
კოსოვო – საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45), 1:2 დავითაშვილი (82. აზაროვის პასით)
კოსოვო: მურიჩი – ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლიი, ალიტი – ჰალიმი (74. ლოშაი), დრეშევიჩი, ცელინა – რაშანი (59. ლ. კასტრატი), მურიქი, რაშიცა (73. ბიტიქი)
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (80. აზაროვი) – გვილია, კვეკვესკირი – ლობჟანიძე (90. მამუჩაშვილი), წიტაიშვილი (72. ჩაბრაძე), კვარაცხელია (72. დავითაშვილი)- ოქრიაშვილი (72. ქვილითაია)