პირველი მოგება ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე - საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი მოგება ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე - საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ლარნაკაში კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.

 

 

 

ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ შემადგენლობა შეცვალა – დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი გამოჩნდა, ტრავმის შემდეგ თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა, ფრანგმა სპეციალისტმა ძირითადში ადგილი ანდო გიორგი ჩაკვეტაძეს, შეტევაში კი გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია დააყენა.

პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს – მე-7 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მე-9 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ მამარდაშვილმა საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა და „ჯვაროსნები“ გადაარჩინა.

28-ე წუთზე კვარაცხელიამ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჩაკვეტაძე დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა 31-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა – გიორგი მიქაუტაძემ გადაცემა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტადაც დაარტყა. მაგრამ რვა წუთში საქართველოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იოანის პიტასმა შეასრულა – მამარდაშვილი ბურთს  კი მისწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში კვიპროსელებმა ზონები კარგად გადაკეტეს და სტუმრები თამაშში გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდნენ.

მე-80-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები მთელი ძალით შეტევაში გადავიდა, ბურთიც დაიჭირა და 84-ე წუთზე ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო – შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა ეფექტური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო მატჩს ქართველები 20  ივნისს გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.


კვიპროსი – საქართველო 1:2


გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39. პენალტი). 1:2 დავითაშვილი (84)

კვიპროსი: მალი – კარო (63. ანტონიადესი), გოგიჩი, ლაიფისი – ანტონიუ, ხარალამპუსი (77. საციასი), კუსულოსი, კასტანიოსი, ანდერსონ კორეიაციონისი (60. ლოიზუ), პიტასი (78. ხრისტოფი)

სათადარიგოები: პანაი, დ. დემეტრიუ, მიხაელი, პ. კორეა, ხრისტოფი, პილეასი, ანდრეუ, სერგიუ.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (87. დვალი)– გოჩოლეიშვილი (74. ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (74. გაგნიძე), კიტეიშვილი, აზაროვი – ჩაკვეტაძე (74. დავითაშვილი), კვარაცხელია – მიქაუტაძე (88. ზივზივაძე).

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, კვირკველია, ქვილითაია, შენგელია, ალთუნაშვილი,

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

არბიტრი: ფაბიო ვერისიმო (პორტუგალია)