პირველი მატჩი დემჩენკოს წასვლის შემდეგ - „დილამ“ „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT
მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი დემჩენკოს წასვლის შემდეგ გორის „დილამ“ პირველი შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“ ჩაატარა და 5:1 მოიგო.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში გორელებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ანგარიში გიორგი გაფრინდაშვილმა (მე-4 წუთი) გახსნა, შემდეგ თავი ჟან ვიქტორმა (9) გამოიჩინა, ერთი ბურთი კი „შუქურას“ შემტევმა, ლაშა კვარაცხელიამ (35) საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. მიკოლა კოვტალიუკმა დუბლი (63, 84) შეასრულა, ქობულეთელთაგან კი ერთადერთი ბურთი გიორგი გოგოლაშვლმა (80) გაიტანა.
ამ გამარჯვებით „დილამ“ 23 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა, წყალტუბოს „სამგურალს“ (38) გადაასწრო და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ქობულეთის „შუქურა“ (7) კი ბოლო ადგილზე დარჩა.