პირველი დუბლი და ასისტი „მეცში“ დაბრუნების შემდეგ - მიქაუტაძემ ლუქსემბურგელებთან რეპეტიცია გაიარა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ გოლის გემო გაიხსენა ლუქსემბურგის „სვიფტ ესპერანჟთან“ შეხვედრაში, რომელიც „მეცმა“ ქართველი თავდამსხმელის შედეგიანი თამაშის წყალობით 4:1 დაამარცხა.
კლუბებმა ამხანაგური მატჩი „მეცის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. თავდაპირველად „ესპერანჟი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდს წინაღმდეგობას უწევდა და ანგარიში გახსნა. თუმცა, გიორგი მიქაუტაძემ სტუმრებს თამაშის ფრედ დასრულების იმედიც გადაუწურა. ქართველმა თავდამსხმელმა მარტში ლუქსემბურგის ნაკრებთან პლეიოფის მატჩამდე ამ ქვეყნის გუნდთან კარგი რეპეტიცია გაიარა.
მიქაუტაძე 59-ე წუთზე არტურ ატას გადაცემის შემდეგ კარის წინ კარგად გაიხსნა და „მეცმა“ ანგარიში გაათანაბრა.
66-ე წუთზე მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მალიკ მბაიემ გუნდი დააწინაურა, ხოლო 75-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა. 78-ე წუთზე კი დუბლი უკვე მბაიემ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.