პირველი არხის ექსკლუზივი | ჭიაბრიშვილი ან ისევ გეგუჩაძე - ბათუმის „დინამოში“ ახალი მწვრთნელების კანდიდატურები ორამდე შემცირდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ გიორგი ჭიაბრიშვილი ან ისევ გია გეგუჩაძე ჩაიბარებს.
45 წლის გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ორგზის საუკეთესო მწვრთნელია (2018, 2020). მუშაობდა „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამო თბილისში“, ასევე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში. ორჯერ გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.
59 წლის გია გეგუჩაძე დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. სხვადასხვა წლების განმავლობაში წვრთნიდა რუსთავის „გორდას“, თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონს“. მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა „ზესტაფონი“, ორჯერ კი 2018-2023 წლებში ბათუმის „დინამო“. ის ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ქართული გუნდი (2004 წელს თბილისის „დინამო“) ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ბათუმის „დინამოს“ ბოლო ერთი წელი ანდრი დემჩენკო ავარჯიშებდა, რომელიც გუნდის დირექტორთა საბჭომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანაკრებო პაუზის დაწყებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.