პირველი არხი სეზონს სუპერთასით იწყებს - ჩემპიონი თასის მფლობელის წინააღმდეგ
24 თებერვალს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2019 წლის საქართველოს საფეხბურთო სეზონი იხსნება – საქართველოს 2018 წლის ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალო“ თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ სუპერთასისთვის დაუპირისპირდება.
„საბურთალო“ ამ საპატიო ტიტულისთვის პირველად ითამაშებს, ქუთაისელები კი პრიზის მოპოვებას მეოთხედ შეეცდებიან. სუპერთასს ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება და წესით, გულშემატკივარმა საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა იხილოს, რადგან ორივე გუნდი შემტევი სტილის მიმდევარია.
აქამდე, „საბურთალო“ და „ტორპედო“ ერთმანეთს ათჯერ დაუპირისპირდნენ – ოთხჯერ იმერლებმა მოიგეს, სამჯერ დედაქალაქელებმა, ხოლო სამჯერ ფრე დაფიქსირდა.
გორში, ნეიტრალურ მოედანზე გასამართ ამ მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზატორია, გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა – სტადიონზე მისული პირველი 1000 ქომაგი საქართველო-შვეიცარიის ნაკრებების მატჩზე დასასწრებ ბილეთს მიიღებს.
მატჩი მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტები დავით ჩიგოგიძე და გიორგი ელიკაშვილი, ასევე დამატებითი ასისტენტები – გიორგი ვადაჭკორია და ჯენერი ხორავა დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ზაზა მენთეშაშვილი იქნება.
24 თებერვალს, სუპერთასის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს მიენიჭა.