პირველად შეკრების დაწყებიდან - საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა #1TVSPORT
ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით მზადება პირველად მოახერხა – გუნდთან ერთად პირველად ვაკო ყაზაიშვილმა ივარჯიშა.
ეს შეკრების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი იყო ჩართული.
ვარჯიში საკმაოდ მხიარული და ემოციური რომ გამოდგა, ეს ეროვნული გუნდის ოფიციალური გვერდის გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი წიტაიშვილი გრეჰეთბოლში მოგებით გამოწვეულ ემოციას არ მალავენ.
საქართველოს ნაკრები 31 მაისს კვლავ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს. 1 ივნისს კი საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებები წინასამატჩო ვარჯიშს „დინამო არენაზე“ გამართავენ, ხოლო მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციას ჩაატარებენ, რომელსაც მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
1 ივნისის განრიგი:
10:00 – გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში
11:15 – გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგაზე პირველ მატჩს 2 ივნისს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილები გიბრალტარს „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდებიან – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.