ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში ხუთეულს პირველად მიუახლოვდა.
ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ქუთაისელთა კარი მე-14 წუთზე ლიბან აბდულაჰის გადაცემით ცენტრალურმა მცველმა, ანდრო გიორგაძემ აიღო და „ლოკომოტივი“ დააწინაურა. თუმცა, ქუთაისელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს. მე-20 წუთზე გიორგი არაბიძემ საჯარიმოსთან ლაშა შერგელაშვილი მოძებნა, რომლის დარტყმაზეც თბვილისელთა მეკარე შეცდა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში გადამწყვეტი როლი გიორგი კუხიანიძემ ითამაშა. „ტორპედოს“ ნახევარმცველმა 56-ე წუთზე გიორგი ქიმაძის გადაცემით ისარგებლა და გუნდი დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე კი გოლი ნოდარ ქავთარაძის გადაცემით გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
22 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ 30 ქულა დააგროვა და ზედიზედ მესამე გამარჯვებით „საბურთალოს“ გაუთანაბრდა, რომელიც დღეს ბათუმის „დინამოს“ ეთამაშება. ხოლო „ლოკომოტივი“ (3 ქულა) კვლავ ბოლო ადგილზეა.