პირველად სეზონში - ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამო“ გალიდერდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-10 ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო არენაზე გაიმართა – თბილისის „მერანმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა, რამაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. 51-ე წუთზე მასპინძელთა კარი ბათუმელთა ლეგიონერმა რეინალდომ აიღო, სამ წუთში კი ყოფილ გუნდს გიორგი ნიქაბაძემ გაუტანა და ბათუმელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. კიდევ სამ წუთში „მერანის“ კარში მესამე გოლიც გავიდა, მაგრამ ჯაბა ჯიღაურის გოლი მთავარმა არბიტრმა ვერ შენიშნა.

85-ე წუთზე „მერანმა“ სხვაობა შეამცირა და მდგომარეობა დაიძაბა – მიშიკო სარდალიშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ სხვაობა გიორგი გოგოლაშვილმა შეამცირა.

თუმცა, „მერანმა” მეტი ვერაფერი მაოხერხა და საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 2:1 მოიგო, 20 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა – გია გეგუჩაძის გუნდი თბილისის „დინამოს“ ქულით უსწრებს. ხოლო თბილისის „მერანი“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

 

მერანი-ბათუმი 1:2

გოლები: რეინალდო (51′ 0:1), ნიქაბაძე (54′ 0:2), გოგოლაშვილი (85′ 1:2)