პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში - შეხვედრას ქალ მსაჯთა ბრიგადა განსჯის
ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრა „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის არც ერთი და არც მეორე გუნდისთვის არაფერს წყვეტს – „საბურთალომ“ ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა, ხოლო „სამტრედიამ“ ბოლო ტურამდე გადაწყვიტა სეზონის მთავარი ამოცანა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
თუმცა, ეს მატჩი მაინც გამორჩეული იქნება – საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, მას ქალ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე იქნება. მას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ვიკა სახურია იმუშავებს.
აქვე ვიტვყით, რომ მაისურაძის ერთ-ერთმა დამხმარე არბიტრმა, ქეთევან გაიპარაშვილმა წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი შეხვედრა განსაჯა – ის პირველი ქართველი არბიტრი ქალია, რომელიც მაღალი დონის საფეხბურთო მატჩს, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის შეხვედრას მოემსახურა.
გაიპარაშვილი 23 თებერვალს, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული 2020 წლის სუპერთასის მატჩში საქართველოს ჩემპიონ თბილისის „დინამოსა“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალოს“ შორის მთავარ არბიტრს, გიორგი კიკაჩეიშვილს ეხმარებოდა.