პირველად „ლიონში“ გადასვლის შემდეგ - სამმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა მიქაუტაძე „ოსერთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე „ლიონი“-„ოსერის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ერთდროულად სამმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა დაასახელა – ეს „ლიონში“ გადასვლის შემდეგ 24 წლის ქართველი თავდამსხმელის პირველი აღიარებაა.
მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი, „ოსერთან“ კი დუბლი შეასრულა და შესანიშნავად ითამაშა – ორჯერ თანაგუნდელები მეკარესთან პირისპირ დატოვა, ერთ ეპიზოდში კი პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე სამი ვებგვერდის ვერსიით გახდა – გიორგის ყველაზე მაღალი შეფასება – 9.0 – Sofascore-მა დაუწერა, Whoscored-მა მისი თამაში 8.5 ქულით შეაფასა, ხოლო Flashscore-მა – 8.4 ქულით.