პირველად ისტორიაში - ეროვნული ლიგის ბომბარდირის ჯილდო სამ მოთამაშეს გადაეცა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „გრანდ შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, 2023 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირები დაასახელეს.
2023 წლის სეზონი პირველი აღმოჩნდა, როდესაც ჩემპიონატს სამი თანაბომბარდირი ჰყავს: ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბათუმი, 17 გოლი), ზორან მარუშიჩი („დინამო თბილისი“, 17 გოლი) და ზურაბ მუსელიანი („გაგრა“, 17 გოლი), რომელმაც ბოლო ტურში შვიდი გოლი გაიტანა და ფავორიტებს დაეწია. ამასთან, მუსელიანმა ჩემპიონატის ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობის რეკორდიც გაიმეორა.
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სამჯერ დაასახელეს ორი თანაბომბარდირი – 1990 წელს პირველი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეები 23-23 გოლით გია გურული („დინამო“ თბილისი) და მამუკა ფანცულაია (რუსთავის „გორდა“) გახდნენ; მეორედ ასეთი შემთხვევა 1996-97 წლების სეზონში დაფიქსირდა – 26-26 გოლი გიორგი დემეტრაძემ („დინამო“ თბილისი) და დავით უჯმაჯურიძემ (ბათუმის „დინამო“) გაიტანეს; მესამედ – 2018 წელს, როდესაც 22-22 გოლით ბომბარდირებად გიორგი გაბედავა (საჩხერის „ჩიხურა“) და ბუდუ ზივზივაძე („დინამო“ თბილისი) დასახელდნენ.