პირველად ჩვენს ისტორიაში - საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მეკარე გახდა
საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა და გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისა და გუნდების ჯამურ ფასებს გადახედა – სამწუხაროდ, ჩემპიონატში საგრძნობი კლებაა.
ფასების განახლების შედეგად, ეროვნული ლიგის ჯამურმა ღირებულებამ საგრძნობლად, 4.5 მილიონი ევროს ოდენობით დაიკლო და 36,1 მილიონი შეადგინა.
ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შედეგი თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს დაუფასდათ, მაგალითად, 20 წლის გიორგი მამარდაშვილს – ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მოთამაშემ თავი ევროპის ლიგაზე გამოიჩინა და მის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რაც ფასზეც აისახა.
მამარდაშვილი ეროვნულ ლიგის არა მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, არამედ, საუკეთესო მოთამაშეთა შორისაც მოხვდა. გიორგის შეფასება ზუსტად ორჯერ გაიზარდა და 500.000 ევრო შეადგინა. ამით გიორგი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიის სათავეში მოექცა.
აქვე ვიტყვით, რომ გლობალური პანდემიის გამო მოთამაშეთა ფასები შემცირდა – მერე ამას ევროპის ლიგაზე ქართული გუნდების უხეირო გამოსვლაც დაემატა. ზოგადად, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ღირებულება, ძირითადად, შემცირებულია.
ეროვნული ლიგა, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების ხუთეული ასე გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი, (ლოკომოტივი) 500.000.
ნიკა მალი, (საბურთალო) 500,000.
გიორგი კოხრეიძე, (საბურთალო) 500,000.
ოლივიე ბუმალი, (საბურთალო) 450,000.
მიკოლა კოვტალიუკი, (დილა) 450,000.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ „ლოკომოტივმა“ მეკარესთან საიჯარო ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. 20 წლის კიპერი გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.