პირველად ჩაკვეტაძის კარიერაში - გიორგი უხეშობისთვის გააძევეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ იძულებული გახდა, თამაში ნაადრევად დაეტოვებინა. საბედნიეროდ, ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა შემტევმა მოედანი ტრავმის გამო არ დატოვა.
საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი „გენტი“ ჯუპილერ ლიგის მე-10 ტურში გასვლაზე მოქმედ ვიცეჩემპიონს, „ანტვერპენს“ დაუპირისპირდა. გიორგი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 33-ე წუთზე „ანტვერპენის“ საყრდენ ნახევარმცველს, პიტერ გერკენსს ეუხეშა და მთავარმა არბიტრმა მოედანი პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენებით დაატოვებინა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე პროფესიონალებში 2016 წლიდან თამაშობს. ამ 5 წლის განმავლობაში, 22 წლის ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი 10-ჯერ დაიმსახურა, მაგრამ წითელი ბარათი პირველად მიიღო.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა „გენტმა“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა, 78-ე წუთზე „ანტპვერპენის“ შვეიცარიელმა თავდამსხმელმა მიხაილ ფრეიმ სტუმრების კარი აიღო. „გენტი“ 1:0 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-14 პოზიციაზეა.