პირველად 1994 წლის შემდეგ - თასის მფლობელმა ახალი სეზონი მარცხით დაიწყო
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი მარცხით დაიწყო. ნეაპოლში ჩასულმა მერსისაიდელებმა ადგილობრივ „ნაპოლის“ ვერაფერი მოუხერხეს, მატჩის ბოლოს კი სულაც ორი გოლი გაუშვეს და პირველი სამი ქულა დაკარგეს.
82-ე წუთზე „ლივერპულის“ მცველმა ენდი რობერტსონმა ხოსე კალიეხონი საჯარიმოში წააქცია, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. დარტყმა უშეცდომოდ დრეის მერტენსმა შეასრულა.
90+2 წუთზე მეორე გოლი ფერნანდო ლიორენტემ გაიტანა.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც უპირველესი ევროპული საკლუბო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სეზონის პირველ მატჩს აგებს. 1994 წელს ეს „მილანმა“ გააკეთა, როდესაც ამსტერდამის „აიაქსთან“ საშინაო მატჩი 0-2 დათმო.