პირველ ადგილზე მსოფლიოს შესარჩევ ციკლში - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გასვლაზე ბელგია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩი ბელგიასთან სტუმრად გამართა, 7:4 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
თამაში დაძაბული გამოდგა და პირველ ტაიმში ანგარიში სამჯერ გათანაბრდა. 43-ე წამზე ბელგიის ნაკრები ომარ რაჰუმ დააწინაურა, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ანგარიში 4 წუთში გაათანაბრა – შაგინიას გადაცემით ბრუნო გომესმა ისარგებლა. მალე მეტოქეებმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს. სუფიან ელ-ფაკირის გოლს ბრუნო გომესმა დუბლით უპასუხა.
მთავარი მეკარის, ზვაიდ კუპატაძის არყოფნაში კარგად ითამაშა თორნიკე ბუკიამ, რომელმაც გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. მე-15 წუთზე კი ბრუნო პეტრიმ საქართველოს ნაკრები შეხვედრაში პირველად დააწინაურა. მართალია, აჰმედ საბაბტიმ ბოლო წუთზე წონასწორობა ისევ აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე 6 წამით ადრე თალესმა მოულოდნელი და ეფექტური დარტყმით ჩვენი ეროვნული გუნდი ისევ დააწინაურა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გიორგი ღავთაძემ, თალესმა და სიმი საიოტმა კიდევ უფრო გაზარდეს და გუნდს გამარჯვება მოუტანეს 7:4.
2024. მსოფლიო თასი. მეინ რაუნდი
ბელგია – საქართველო – 4:7
გოლები: 1:0 ომარ რაჰუ (1), 1:1 ბრუნო გომესი (5), 2:1 სუფიან ელ-ფაკირი (5), 2:2 ბრუნო გომესი (6), 2:3 ბრუნო პეტრი (16), 3:3 აჰმედ საბაბტი (20), 3:4 თალესი (40), 3:5 ღავთაძე (22), 3:6 თალესი (28), 3:7 სიმი საიოტი (38), 4:7 მარვინ ღისლანდი (38)
საქართველო: თორნიკე ბუკია – შაგინია, ფერნანდო დრასლერი, თალესი, სიმი საიოტი
სათადარიგოები: ბექა ტყემალაძე, შოთა თოფურია, რონინიო, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ბრუნო გომესი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი
საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ამ ეტაპზე, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საგზურს ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტრაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.