ჟურნალისტებმა გაარკვიეს ტურინის „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს ხელფასის ოდენობა – იტალიელი წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
„გაძეტა დელო სპორტი“ აღნიშნავს, რომ „იუვენტუსის“ მხოლოდ ორი ფეხბურთელი იღებს უფრო ნაკლებ ხელფასს, ვიდრე მთავარი მწვრთნელი. ესენი არიან: ჯანლუიჯი ბუფონი (1.43 მილიონი ევრო) და კარლო პინსოლიო (222 ათასი), ხოლო მცველ მერიჰ დემირალს ზუსტად ისეთივე ხელფასი აქვს, როგორიც პირლოს.
„იუვენტუსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – ის წელიწადში 31 მილიონ ევროს იღებს.
პირლომ „იუვენტუსი“ რვა აგვისტოს ჩაიბარა მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვა მაურიციო სარიმ.