„პირატებმა“ გია გეგუჩაძეს მადლობა გადაუხადეს - ემოცია „ტირანასთან“ წაგებულ მატჩთან ერთად შეწყდა, ჩვენი პროტესტი იყო გულწრფელი #1TVSPORT
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი „პირატები“ გუნდიდან გია გეგუჩაძის წასვლას მოითხოვდა, გულშემატკივრებმა ყოფილ მთავარ მწვრთნელს ხუთწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
„გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუნდში არსებული დაძაბული გარემოსა და ბოლო ტურში აუტსაიდერთან ვერმოგებული შეხვედრის შემდგომ გადადგა.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ბატონ გიას კლუბის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარმა, ქალაქმა და რეგიონმა განვიცადეთ. თქვენ ჩვენთვის სამუდამოდ დარჩებით პირველ ჩემპიონ მწვრთნელად!
ჩვენ ყოველთვის ერთად განვიცდით მარცხსაც და სიხარულს, „პირატები“ არასოდეს ვაყენებდით საკუთარ ინტერესებს კლუბის ინტერესებზე წინ. ან რა ინტერესი უნდა გვამოძრავებდეს გულშემატკივარს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა და სხვა არაფერი.
ემოცია, რომელიც გამარჯვებული მატჩიდან შინ მიგვქონდა და მატჩიდან მატჩამდე გვაძლებინებდა, „ტირანასთან“ წაგებულ მატჩთან ერთად შეწყდა. ჩვენი პროტესტი იყო გულწრფელი და სხვა არაფერი. თუკი ვინმეს ჩვენს გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს, ეს უკვე ინდივიდუალური პრობლემაა. დრო გავა და კიდევ უკეთ შევაფასებთ განვლილ წლებს – ახლა კი მადლობა და წარმატებები“, – წერია „პირატების“ განცახდებაში.