კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის სადემარკაციო ხაზი ორასმა ჩრდილოკორეელმა გულშემატკივარმა ქალმა გადაკვეთა.
ოლიმპიადის დროს ორ კორეას შორის ასეთი ახლო კონტაქტი პოლიტოლოგების მიერ აღიქმება, როგორც ქვეყნებს შორის უკიდურესად ცივი ურთიერთობების დათბობის აშკარა ნიშანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გულშემატკივრები უმკაცრესი შერჩევის შედეგად იქნენ არჩეულნი. შესწავლილ იქნა თითოეული მათგანის ოჯახური წარმომავლობა, შეხედულებები, უნარები და კორეის მუშათა პარტიის მიმართ ერთგულების ხარისხი.
გულშემატკივრებისა და ოფიციალური პირების გარდა ფხენიანმა სამხრეთ კორეაში ერთი ორკესტრიც გააგზავნა. მუსიკალურ კოლექტივს პიონჩანგში ორი გამოსვლა აქვს დაგეგმილი.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის სპორტულ დელეგაციას, ის 46 ადამიანისგან შედგება და მათ შორის არის 22 ქალი ჰოკეისტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალთა ჰოკეის ტურნირში ორი კორეა ერთიანი გუნდით წარსდგება.
ავტორი -
რამაზ ხატიაშვილი