რუსი ქერლინგისტის ალექსანდრ კრუშელნიცკის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ მელდონიუმზე, – ამის შესახებ რამდენიმე სააგენტო იტყობინება.
ჯერჯერობით შემოწმებულია A სინჯი, ხოლო B სინჯის გახსნა ხვალისთვის არის დაგეგმილი.
მოგვიანებით, გუნდ “ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან” პრეს-ატაშემ კონსტანტინ ვიბორნოვმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა:
“დღეს, ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ოფიციალური შეტყობინება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ანტისადოპინგო წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ჩვენ არ ვასახელებთ სპორტსმენის სახელს და არც სპორტის სახეობას B სინჯის გახსნამდე. ეს პროცედურა უახლოესი 24 საათი განმავლობაში ჩატარდება”, – განაცხადა ვიბორნოვმა.
პიონჩანგის თამაშებზე, კრუშელნიცკიმ ანასტასია ბრიზგალოვასთან წყვილში ბრინჯაო მოიპოვა ქერლინგის მიქსტში.