პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე 22 ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენი გამოვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული „კორეის ნახევარკუნძულის ოლიმპიური დეკლარაციის“ თანახმად, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 22 ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენი 3 სახეობის 5 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილოეთ კორეიდან აკრედიტაციას ასევე 24 ოფიციალური პირი და 21 ჟურნალისტი მიიღებს. თამაშების გახსნის ცერემონიაზე კი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები გაერთიანებულ გუნდად გამოვლენ.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გამართულ ოთხმრივ შეხვედრაზე, რომელშიც IOC-ის, პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის, სახრეთ და ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებაში მონაწილე დელეგაციების წევრებს და აღნიშნა, რომ შეხვედრა ოლიმპიური სულისკვეთებით წარიმართა.
„ოლიმპიური თამაშები გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს სამყარო, თუ ჩვენ, ყველანი ერთად ვიხელმძღვანელებთ ოლიმპიური იდეალებით, პატივისცემით და ურთიერთგაგებით, ეს არის ოლიმპიური გზავნილი პიონჩანგიდან მთელი მსოფლიოსათვის“, – განაცხადა თომას ბახმა.