ჟერარდ პიკეს თქმით, ბარსელონა ამჟამად არ არის ისეთი გუნდი, როგორიც მას და მის თანაგუნდელებს სურთ, რომ იყოს.
კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში მინიმალური ანგარიშით (1-0) დაამარცხა ვალიადოლიდი და ეს ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამ გამარჯვებით, ბარსელონამ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (სამი ფრე ზედიზედ), თუმცა პიკეს თქმით, თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.
„ცუდად ვითამაშეთ. ნამდვილად არ იყო კარგი მატჩი. ჩვენ დღეს არ ვიყავით ის ბარსელონა, რომელიც გვინდა, რომ ვიყოთ“, – განაცხადა პიკემ მატჩის შემდეგ.
32 წლის მცველი ამატებს, რომ გუნდმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რადგან წინ ოთხი გასვლითი მატჩი ელის ზედიზედ. პირველი მათგანი სამშაბათს, 19 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.
რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, აქ ბარსელონა ერთპიროვნული ლიდერია და მთავარ კონკურენტ მადრიდის რეალს ცხრა ქულით უსწრებს. თუმცა, მადრიდული სამეფო გუნდი დღეს, 17 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ჟირონას ეთამაშება და შანსი აქვს, რომ ჩამორჩენა ექვს ქულამდე შეამციროს.