„პიასტში“ გვილიას ტრანსფერით კმაყოფილები არიან - ჩვენი გუნდის ახალწვეული წარმატებული და გამოცდილი ფეხბურთელია #1TVSPORT
გლივიცეს „პიასტის“ ხელმძღვანელებმა ვალერიან გვილიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს. ქართველი ფეხბურთელი პოლონური გუნდის შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
„გვილია გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშეა, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატში უკვე თითქმის ასი მატჩი ჩაატარა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრანსფერი ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, გჟეგორჟ ბედნარსკიმ.
„ჩვენი გუნდის ახალწვეული წარმატებული და გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, „პიასტს“ დამატებითი ენერგია შემატოს. გვილია, თავისი მენტალიტეტითა და ლიდერული თვისებებით, ჩვენს გუნდს კარგად მოერგება“, – ეს კი „პიასტის“ სპორტულმა დირექტორმა, ბოგდან ვილკმა თქვა.
29 წლის ნახევარმცველმა კარიერა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ დაიწყო. გვილიას ასევე უთამაშია ბორისოვოს „ბატეში“, „ლუცერნში“, ვარშავის „ლეგიასა“ და „რაკოვში“. მან საქართველოს ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ამასთან, პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ 29 წლის ნახევარმცველმა 93 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.