ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი „კალიარისთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ, კლუბის ვებგვერდთან საუბარში ბევრ საინტერესო თემას შეეხო.
ბოსნიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ დაცვაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებთ მასიმილიანო ალეგრის კრიტიკულ შენიშვნებს ეთანხმება და თვლის, რომ „იუვენტუსმა“ საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი უნდა გაამჯობესოს.
„გუშინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ საკუთარ გოლი მაინც მივიღეთ. ალეგრი ყოველთვის გვეუბნება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გოლის არგაშვება და ამ კუთხით თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ასევე, უფრო მეტი საგოლე მომენტი გამოვიყენოთ.
„ნაპოლი“ და „ინტერი“ ძლიერი გუნდები არიან. „ნაპოლიმ“ ეს უკვე დაადასტურა, წლებია მაღალ დონეზე თამაშობს. წელს „ინტერიც” ძალიან კარგად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ჩვენ სხვებს არ ვუყურებთ და შევეცდებით ყველა მიმართულებით შედეგი ვაჩვენოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მანჩესტერში შესანიშნავად ვითამაშეთ და დამსახურებლად გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვინდა ამის გაკეთება. ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ფავორიტია, თუმცა ჩვენც ნამდვილად შეგვიძლია შორს წასვლა,“ – განაცხადა პიანიჩმა.