პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კომიტეტის წინადადებას, საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილების უშიშროების საბჭოზე გატანისა და ამ წინადადებით უმაღლესი რადასადმი მიმართვის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან თავდასხმითი მოქმედებების განხორციელებას.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება არ გულისხმობს მობილიზაციას. „მაგრამ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში“, – დასძინა პეტრო პოროშენკომ.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.