პეტრაკოვი უკრაინისა და რუსეთის მატჩის ალბათობაზე - სანამ ეროვნულ გუნდს ვავარჯიშებ, ეს ნამდვილად არ მოხდება #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პეტრაკოვმა განაცხადა, რომ გუნდი მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, რუსეთის ნაკრებს არასოდეს ეთამაშება.
„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს ურთიერთობა. არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გავიდეს, როგორ უნდა გამოისყიდონ ცოდვები ამ სისასტიკეებისთვის. ჩვენ მათთან ათწლეულების განმავლობაში ვერ ვისაუბრებთ.
ეს ურჩხულები – სხვანაირად ვერ დავარქმევ – შემოვიდნენ ჩვენს მიწაზე, ბავშვებს და ქალებს გვიკლავენ და აუპატიურებენ. მათ არ იციან სინანული. მასიურად მხარს უჭერენ პუტინს და ტაშს უკრავენ.
ეს არ არის მხოლოდ პუტინის დანაშაული. ეს არის მთელი რუსეთის ცოდვა. ოდესღაც მასწავლეს, რომ რუსები ჩვენი ძმები არიან. ნუთუ ძმები ასე იქცევიან? მსურს მადლობა გადავუხადო მთელ დემოკრატიულ სამყაროს, მთელ ევროპას, რომ უკრაინას ამ ომში ეხმარება, თავშესაფარი მისცეს ადამიანებს, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით თავიანთი სახლები დატოვეს.
წარმომიდგენია მომავალში რუსეთ-უკრაინის ამხანაგური მატჩი? არა. სანამ ეროვნულ გუნდს ვავარჯიშებ, ეს ნამდვილად არ მოხდება“, – განაცხადა პეტრაკოვმა „კორიერე დელო სპორტთან“ ინტერვიუში.
უკრაინის ნაკრებმა შოტლანდიასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მზადების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. უახლოეს დღეებში უკრაინელები სლოვენიაში დაბრუნდებიან, სადაც შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებენ.