პეტერ მადიარი – ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა დამარცხება, „სტუდენტურმა სიამ“ არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, სერბეთის ქუჩებში ზეიმი დაიწყო, ნაცნობი სიტუაციაა, არა?

02:06, 26.10.2026

სერბეთში ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა დამარცხება. „სტუდენტურმა სიამ“ არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. სერბეთის ქუჩებში ზეიმი დაიწყო. ნაცნობი სიტუაციაა, არა? – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება.

მისივე თქმით, „სტუდენტური სიის“ ლიდერებს უკვე პირადად მიულოცა გამარჯვება და ისინი უნგრეთის მხარდაჭერაში დაარწმუნა.

„ახლახან ვესაუბრე სერბეთში არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ ლიდერებს, რათა მათთვის გამარჯვება მიმელოცა. მე ისინი უნგრეთის მხარდაჭერაში დავარწმუნე. მოხარული ვიყავი იმის მოსმენით, თუ რამხელა ძალა მისცა მათ აპრილში ჩვენმა გამარჯვებამ ამ რთულ ბრძოლაში“, – წერს მადიარი.

ცნობისთვის, არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.

მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.

არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

მსგავსი