პერუს ნაკრების კაპიტანმა კოკაინისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო და მუნდიალს გამოტოვებს
ბრაზილიური “ფლამენგოსა” და პერუს ნაკრების ფორვარდი ხოსე გერერო ერთი წლით არის დისკვალიფიცირებული და ვერ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. უფრო ადრე, 33 წლის თავდამსხმელს დროებითი 30-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს კოკაინზე დადებითი დოპინგ-სინჯის გამო. ეს სინჯი 6 ოქტომბერს, არგენტინის ნაკრებთან შესარჩევი მატჩის შემდეგ იყო აღებული.
“სადისციპლინო კომიტეტმა გააანალიზა საქმის ყველა გარემოება და გერეროს ერთი წლით დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, – წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში. – ფეხბურთელმა დაარღვია ფიფას ანტისადოპინგო წესების მეექვსე და სადისციპლინო კოდექსის 63-ე მუხლები”.
სასჯელი 2017 წლის 3 ნოემბერიდან შევიდა ძალაში და ის ვრცელდება ყველა ოფიციალურ მატჩზე, მათ შორის, შიდა ტურნირებზე, საერთაშორისო და ამხანაგურ თამაშებზე.
გერერო პერუს ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მან 83 მატჩში 32 გოლი გაიტანა, რითაც ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ფორვარდი 2004-06 წლებში მიუნხენის “ბაიერნში” გამოდიოდა.
პერუს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან, დანიასთან და ავსტრალიასთან ერთად ითამაშებს.