პეპ გვარდიოლა - გაბრიელ ჟესუსს მოედანზე ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ შეძლებს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მხარს უჭერს მის ფეხბურთელს, გაბრიელ ჟესუსს და ამბობს, რომ ბრაზილიელის კრიზისი დასრულდება და სულ მალე ის გოლს გაიტანს.
მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი ფორვარდი „სიტის“ შეუერთდა, მან 162 მატჩში 71 გოლის გატანა მოახერხა.
23 წლის თავდამსხმელი უკვე ზედიზედ ექვსი მატჩია გოლის გატანას ვერ ახერხებს. მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგაც მიიღო კიდევ ერთი შანსი თავი გამოეჩინა, მაგრამ ჟესუსმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
პეპ გვარდიოლა ამ ყველაფერს იმედიანად უყურებს და დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი ფორვარდი გუნდს გოლებით ძალიან მალე დაუბრუნდება.
„დიახ, ის ძალიან მალე გაიტანს გოლს. მე მას ყოველდღე ვუყურებ და აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც აკეთებს. მე, რა თქმა უნდა, მსურს მისი გოლები, მაგრამ ის თავისი საქმის კეთებაში მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია და მოედანზე ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ შეძლებს გუნდისთვის“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 19 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერს „ტოტენჰემს“ მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება. გვარდიოლას გუნდი 16 დეკემბერს „ვესტ-ბრომვიჩის“ წინააღმდეგ ითამაშებს.