26 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩვენი დედაქალაქი წყალბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს.
მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები ყაზახეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
პირველი პერიოდში ყაზახებს უმნიშვნელო უპირატესობა ჰქონდათ – 2:3 ჩვენი მეტოქე გუნდის სასარგებლოდ.
მატჩის მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრების სრული დომინაციით წარიმართა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყაზახებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა – 5:0 (8:2).
მესამე პერიოდში ყაზახეთის ნაკრები ისევ მცირე უპირატესობას დეუფლა, რაც ანგარიშზეც აისახა – 3:4 (11:7).
დასკვნითმა, მეოთხე პერიოდმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. ყაზახებმა მოულოდნელად თამაში შემოაბრუნეს და ანგარიში გაათანაბრეს – 11:11.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც ყაზახეთის ნაკრებს უფრო გაუმართლა და დრამატული მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში იაპონია საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (13:12), მეორე მატჩი კი მონტენეგროს ძლიერ ნაკრებთან დათმო (8:19). B ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველო შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდა, ანგარიშით 9:13 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
მომდევნო ეტაპზე, 1/4 ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი საბერძნეთის ნაკრებს შეხვდა. მთელი მატჩი ბერძნების დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშზე აისახა – 8:20.
მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.