პეკინი 2022 | საბა ქუმარიტაშვილის ამაღელვებელი ისტორია - „მარკა“ ქართველ სპორტსმენზე წერს [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინი 2022 | საბა ქუმარიტაშვილის ამაღელვებელი ისტორია - „მარკა“ ქართველ სპორტსმენზე წერს [ვიდეო] #1TVSPORT

„საბა ქუმარიტაშვილის ამაღელვებელი ისტორია, სპორტსმენის, რომელმაც თავისი ბიძაშვილის დაღუპვიდან 12 წლის შემდეგ ისტორია შექმნა“, – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ცნობილი ესპანური გამოცემა.

„ეს სპორტსმენი მოციგავეების დინასტიის წარმომადგენელია, რომელიც ამ დისციპლინაში თავისი ბიძაშვილის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოცნების ასახდენად ასპარეზობს. ნოდარი ვანკუვერი-2010-ისთვის ემზადებოდა, რომ ამ სახეობაში პირველი სპორტსმენი გამხდარიყო საკუთარი ქვეყნიდან, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებდა მონაწილეობას, – წერს „მარკა“. – თუმცა ოცნების ასრულებას ხელი ტრაგიკულმა შემთხვევამ შეუშალა და ოლიმპიადის გახსნამდე ქართველი სპორტსმენი გამოიგლოვეს.

იმ დროს ნოდარის ბიძაშვილი საბა ბავშვი იყო, მაგრამ მან ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. 12 წლის შემდეგ, დაღუპული ბიძაშვილის სახელისთვის პატივის მისაგებად და მისი ოცნების გასაგრძელებლად საბა ქუმარიტაშვილმა მონაწილეობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო.

„ის დიდი ტკივილია, მაგრამ ჩვენი ოჯახის თითოეულ თაობაში სპორტის ამ სახეობას ერთი ადამიანი მაინც მისდევს და მამაჩემის დახმარებით, მე ნოდარის გზას ვაგრძელებ“, – ამბობს საბა ქუმარიტაშვილი.

უცნაური დამთხვევაა და საბა პეკინის ოლიმპიადაზე მონაწილეობისას ზუსტად იმ ასაკშია (21 წლის), როდესაც მისი ბიძაშვილი ვანკუვერი -2010-ზე გაემგზავრა. საბა მედლის აღებისგან შორს აღმოჩნდა, მაგრამ სპორტსმენი ამბობს, რომ ის კმაყოფილია, რადგან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისია შეასრულა:

„მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. აღელვებული ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი. ახლა ამაყი ვარ და ბედნიერი“, – მოჰყავს საბა ქუმარიტაშვილის სიტყვები „მარკას“.