პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
„რომას“ არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში „ლეჩეს“ წინააღმდეგ. 28 წლის ფეხბურთელმა პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც კოჭლობით დატოვა მოედანი. როგორც „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, დიდი ალბათობით, დაზიანება მძიმეა.
„ტრავმა ძალიან სერიოზული ჩანს. მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ველაპარაკე პაულოს… ვფიქრობ, მდგომარეობა სერიოზულია“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები ჟურნალიტ ფაბრიციო რომანოს.
როგორც ვარაუდობენ, დიბალას ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და არსებობს ალბათობა, რომ მას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.