პატრიკ კლუივერტის მეორე შვილმა კონტრაქტი „უტრეხტთან“ გააფორმა
პატრიკ კლუივერტის მეორე შვილმა კონტრაქტი „უტრეხტთან“ გააფორმა

რუბენ კლუივერტი ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის მეორე შვილია, რომელიც პროფესიულ ფეხბურთში მოსინჯავს ძალებს. 18 წლის რუბენმა ჰოლანდიის უმაღლესი ლიგის, „ერედივიზიის“ კლუბ „უტრეხტთან“ გააფორმა კონტრაქტი, რითაც თავისი უფროსი ძმის, იტალიურ „რომაში“ მოთამაშე ჯასტინის კვალს გაჰყვა.

„უტრეხტმა“ ფეხბურთელთან 2022 წლამდე გააფორმა შეთანხმება.

„ამ გუნდში თავს მშვენივრად ვგრძნობ და ჩემი ოჯახი ბოლომდე მიდგას მხარში“, – ამბობს რუბენ კლუივერტი. – „ჩემი მაგალითი ვირხილ ვან დეიკია. ის ძალიან სწრაფი და ძლიერია. სხვათა შორის, ვთვლი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ“.

აღსანიშნავია, რომ პატრიკ კლუივერტის მესამე შვილიც თამაშობს ფეხბურთს. ეს არის შეინ კლუივერტი, რომელიც ამჟამად „ბარსელონას“ აკადემიაში ვარჯიშობს.