პატრიკ კლუივერტი შვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილია
პატრიკ კლუივერტი შვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილია

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პატრიკ კლუივერტმა შვილის გადაწყვეტილება მოიწონა და განაცხადა, რომ ჯასტინისთვის, ამ ეტაპზე, „რომაში“ გადასვლა უფრო სასარგებლოა, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „ბარსელონაში“. წარსულში ცნობილ თავდამსხმელს სურდა, რომ მისი შვილი „აიაქსში“ დარჩენილიყო, თუმცა თვლის, რომ თუ წასვლაა, „რომაში“ წასვლა სჯობს.

ჯასტინ კლუივერტმა, ბოლო დროს, ცნობილი კლუბების ყურადღება მიიპყრო და დაინტერსებულთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონაც“ კი დასახელდნენ, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერზე, „რომაზე“ შეაჩერა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ის აკეთებს“, – განაცხადა პატრიკ კლუივერტმა იტალიურ „გაძეტა დელო სპორტთან“ ინტერვიუში. – „საერთოდ, ის ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის კარგად უსმენს სხვებს. ძალიან მოტივირებულიცაა. მე მერჩივნა, რომ ის კიდევ ერთი წლით დარჩენილიყო „აიაქსში“, მაგრამ თავად სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ვთვლი, რომ „რომა“ კარგი არჩევანია. პრემიერ ლიგაში მისთვის ახლა ძალიან რთული იქნებოდა. „იუნაიტედი“ ძალიან მაღალი ნახტომი გამოვიდოდა. „რომა“ მნიშვნელოვანი კლუბია, მაგრამ იქ ნაკლები ზეწოლაა“.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში „რომამ“ ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (ტორინო 0-1 რომა) და ჯასტინ კლუივერტი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.