„პარტიზანის“ მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ შანსები 50/50-ზეა #1TVSPORT
ტირანას „პარტიზანის“ მწვრთნელმა, დრიტან მეჰმეტმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 7 ივლისს დაგეგმილ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი „საბურთალოს” დაუპირისპირდება. მას სჯერა თავისი გუნდის, თუმცა მიიჩნევს, რომ ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია არა მხოლოდ „პარტიზანისთვის“, არამედ „საბურთალოსთვისაც“. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზნები, რადგან ვიცით, რა გუნდი ვართ და როგორი ტრადიციები გვაქვს. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს და გვინდა, რომ კარგი თამაშით გავახაროთ.
– ძალიან რთული დუელი იქნება და ვფიქრობ, შანსები 50-დან 50-ზეა. „საბურთალო“ ძლიერი გუნდია ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებიც მოედანზე გამოცდილი მოთამაშეებივით იქცევიან. ახლა მათთან ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტონუსში არიან. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის პრობლემა, მაგრამ სლოვენიაში მოსამზადებელ ეტაპზე ამაზე ბევრი ვიმუშავეთ.
– ვიცით, რომ კონფერენს ლიგა სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ჩემპიონატი ერთი თვის წინ დავასრულეთ და ამ მოსამზადებელ ეტაპზე ვეცადეთ, დაკარგული ტონუსი დაგვებრუნებინა. ზოგიერთი ფეხბურთელი წავიდა, ზოგიც მოვიდა, ახალწვეულებს კი ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. გუნდის ფილოსოფიაზე მორგება ადვილი არ არის.
– „საბურთალოს“ სწრაფი მოთამაშეები ჰყავს და მათ ბურთით თამაში იციან. ეს მეტოქის ძლიერი მხარეა, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და ხანდახან მოედანზე რაღაც არასწორად მიდის. ასე რომ, იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებთ. „საბურთალოს“ კარგი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩანაფიქრი, ეს მატჩი როგორ მოვიგოთ. ფეხბურთს მხოლოდ სისწრაფე არ არის, ის ჯგუფურ და ტაქტიკურ თამაშს მოითხოვს. მოედანზე მენტალიტეტიც ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ მეორე მატჩი ალბანეთში ტარდება, გვაძლევს თუ არა უფრო მეტ შანსს, ამაზე საუბარი არ მსურს. მნიშვნელოვანია პირველი თამაშის წარმატებით დასრულება და შემდეგ მეორე მატჩზე ფიქრი“.