პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აჭარის რეგიონიდან პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აჭარის რეგიონიდან პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის წევრი კახა ცეცხლაძე აჭარის რეგიონიდან პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩემთვის მართლაც პატივია თქვენთან შეხვედრა და მით უფრო, რომ თქვენ ჩვენი მხარდამჭერები ხართ. თქვენი საქმიანობით, შრომით დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. როდესაც ვამბობთ, რომ გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს, მათ შორის, ამ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ჩვენს შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას, რომ მათი ცოდნა, ენერგია და პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნეს ათვისებული, ეს წარმოუდგენელია თქვენი გამოცდილების, თქვენი მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ერთ წრეზე სიარული, მუდმივად სიძულვილზე, ლანძღვაზე დაფუძნებული ოპონირება, როცა უკლებლივ ყველაფერის ხაზის გადასმა ხდება, მათ შორის იმ კარგის, რაც გაკეთებულა. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ და გაკეთებულ საქმეს კიდევ უფრო მეტი საქმით, ახალი დავაშენოთ. ასე, ღირსების, წესიერებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე შენდება ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ალიოშა ბაკურიძე – ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჯემალ ბერიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საპატიო ბათუმელი; ბეჟან ხიმშიაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ზურაბ ცინცქილაძე – მსახიობი, საპატიო ბათუმელი; რამაზ ფუტკარაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; რომან მახარაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი; სერგო ხიმშიაშვილი – ბიზნესმენი; მარიამ ლაგვილავა – სტუდენტი; დავით დავითაძე – სტუდენტი.