პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ მიერ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშზე იმსჯელებენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილება „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის თქმით, შსს-მ და პროკურატურამ ათი დღის ვადაში უნდა მოამზადონ ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ საპარლამენტო კომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს.
„საკითხი ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც, შსს-მ და პროკურატურამ ათი დღის ვადაში უნდა მოამზადონ ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ ისინი საპარლამენტო კომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვერ ვხედავთ წინსვლას, ამიტომ პარლამენტის წინაშე ამ ანგარიშის გამოტანა მოუწევთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.
„შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია და როგორ ცდილობენ სახელმწიფო უწყებები მაგალითად, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას. მგონია, რომ კომისიის მიერ შექმნილი დასკვნის სარეზოლუციო ნაწილის მიმართ იგივე პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება ექნებათ უწყებებს და ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ მაქვს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტმა სექტემბერში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტს დაუჭირა მხარი.