პარიზის ოლიმპიადისთვის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში განთესილი ფალავნების სია გამოქვეყნდა #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადისთვის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში განთესილი ფალავნების სია გამოქვეყნდა #1TVSPORT

ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა ტურნირზე განთესვის სისტემა პირველად იქნება შემოღებული. ტურნირის ფავორიტები ერთმანეთს ადრეულ ეტაპებზე აღარ შეხვდებიან. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის თითოეულ წონაში რვა განთესილი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში პირველი ნომერი მერვეს დაუწყვილდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე მეხუთეს. ნახევარფინალში რეიტინგის ლიდერი მეოთხე ნომერს შეხვდება, მეორე კი – მესამეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) გენო პეტრიაშვილი (მე-2 განთესვა) ფინალამდე ვერ დაუპირისპირდება თავის ძირითად კონკურენტებს – ამირ ზარესა და ტაჰა აკგულს. ირანელი ფალავანი პირველი ნომერია, თურქი კი – მეოთხე. თავისუფალ ჭიდაობაში ქართველებიდან განთესილი იქნება ასევე გივი მაჭარაშვილიც (97 კგ.).

განთესილთა შორის ვერ მოხვდნენ ვერც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სხვა წევრები და ვერც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენები.

შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს, მოჭიდავეთა ტურნირი კი 5-11 აგვისტოს გაიმართება.