პარიზის გრანდ სლემის გათამაშების პირველ დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. აქ საქართველოს ნაკრების ღირსებას ხუთი სპორტსმენი დაიცავს.
შეჯიბრის პირველ დღეს ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებენ.
ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ტატამზე პირველად გამოვა. ქართველი ძიუდოისტი 66კგ. წონითი კატეგორიის ნაცვლად, ხვალ პარიზში 73 კგ-ში იჭიდავებს და უკვე ცნობილია ისიც, რომ ამ წონაში ეს ასპარეზობა ერთჯერადი იქნება.
73კგ-ში ვაჟა განთესილი არ არის და ის პირველ შეხვედრას კანადელი გაბრიელ ჯუტეს წინააღმდეგ გამართავს. მოგების შემთხვევაში მისი მეტოქე ფრანგი გუილემ ჩაინე იქნება.
ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ. წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფში იასპარეზებს და ის განთესილია. მეორე წრეში ლიპარტელიანის მეტოქე მავრიტანიელი კრისტიან ლეგენტილი იქნება. მოგების შემთხვევაში კი ეთერ ლიპარტელიანი 1/4 ფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ კერემ პრიმოსა და ფრანგ – ფაიზა მოკდარს შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს.
წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.
კვირას პარიზის გრანდ სლემის გათამაშებაზე სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ზაგრების გრან პრის მოქმედი გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი დაიცავს. 90 კგ. წონით კატეგორიაში ზაგრების გრან პრის ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე იჭიდავებს, ხოლო 100კგ-ში საკუთარ ძალებს ახალგაზრდა ონისე სანებლიძე მოსინჯავს.