პარიზი 2024 | ყველაფერი ძალოსნობის შესახებ #1TVSPORT
პარიზი 2024 | ყველაფერი ძალოსნობის შესახებ #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება. ქართველი სპორტსმენები კი გამარჯვებისთვის 10 სახეობაში იბრძოლებენ. ძალოსნობა ერთ-ერთი ის სახეობაა, სადაც ოქროს მედლის მოლოდინში ვართ.

„ოლიმპიური გზამკვლევის“ დახმარებით სპორტის ამ სახეობას დეტალურად გაგაცნობთ.

ძალოსნობა ოლიმპიადაზე

1920 წლის შემდეგ ძალოსნობა ყველა ოლიმპიურ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. ოლიმპიური კომიტეტის მიზანი გენდერული თანასწორობის აღდგენა იყო, რაც ზაფხულის თამაშებზე გამოჩნდება. 2021 წელს ძალოსნობაში 14 ოქროს მედალი გათამაშდა, საიდანაც შვიდი მამაკაცებს ერგოთ და შვიდი – ქალებს, მაგრამ პარიზში ხუთ-ხუთი მედალი იქნება შემოთავაზებული. ნაკლები იქნება მონაწილეების რაოდენობაც. ტოკიოს თამაშებზე 196 სპორტსმენი გაემგზავრა, პარიზში კი 120 მონაწილე იქნება – 60 მამაკაცი და 60 ქალი.

ათი წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ოთხი იქნება ისეთი, რომელიც ტოკიოს თამაშებზეც იყო. ქალთა შორის 71, 81 და +81 წონით კატეგორიებში ოლიმპაიდაზე პირველად ჩატარდება შეჯიბრება, კაცებში კი 89, 102 და +102 წონების დებიუტი შედგება. თუმცა, სიტყვა „პლუს“ მხოლოდ აკადემიური სიზუსტისთვისაა, რადგან ამ წონის ზღვარი, უბრალოდ, ფორმალობაა. მაგალითად, ლაშა ტალახაძე და კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ბეჰდად სალიმიკორდასიაბი – ორივე მათგანი 170 კილოგრამს იწონის.

წესები

ძალოსნობაში ორი განსხვავებული დისციპლინაა – ატაცი და აკვრა. ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებული ორივე ცალკეულ დისციპლინაში და შემდგომ ორჭიდში ვლინდება, ხოლო ოლიმპიადაზე მხოლოდ ჯამური შედეგებით ითვლება ჩემპიონი. ორ დისციპლინას შორის ყველაზე რთული ატაცია, რა დროსაც ძალოსანმა წონა ფიცარნაგიდან თავს ზევით ერთი მოძრაობით უნდა ასწიოს.

ატაცის მსოფლიო რეკორდი 42 კილოგრამით უფრო ნაკლებია, ვიდრე აკვრის საუკეთესო შედეგი. როგორც სახელი მიგვანიშნებს, აკვრა ორმოძრაობიანი დისციპლინაა. მონაწილემ წონა ჯერ ფიცარნაგიდან მკერდამდე უნდა აიტანოს სუფთად, შემდეგ კი თავს ზემოთ ასწიოს.

ყველაზე წარმატებული ძალოსნები ოლიმპიურ თამაშებზე

ბევრის აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ძალოსანი თურქი ნაიმ სულეიმანოღლუ იყო, რომელსაც მეტსახელად „ჯიბის ჰერკულესს“ უწოდებდნენ. მისი სიმაღლე მეტრი და 47 სანტიმეტრი იყო. ის პირველი ძალოსანია, რომელიც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გახდა ჩემპიონი – სეულში, ბარსელონასა და ატლანტაში.

ყველაზე წარმატებული ძალოსანი ოლიმპიადების ისტორიაში ბერძენი პიროს დიმასია, რომელმაც ოქროს მედალი ბარსელონაში, ატლანტაში და სიდნეიში მიიღო. 2004 წელს სამშობლოში, ათენში გამართულ თამაშებზე კი ბრინჯაოს დაეუფლა. ბოლო გამოსვლის შემდეგ ფეხსაცმელები ფიცარნაგზე დატოვა, რაც მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდა.

კიდევ ერთი სამგზის ჩემპიონი ქართველი კახი კახიაშვილია, რომელიც პირველად ჩემპიონი 1992 წელს გაერთიანებული გუნდის სახელით გახდა, შემდეგ კი საბერძნეთის მოქალაქე იყო, როცა ატლანტასა და სიდნეიში მოიპოვა ოქროს მედალი. ახლა კახიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. მას დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი გახდა.

ლაშა ტალახაძე ახლოსაა, ქართული სპორტის ისტორია დაწეროს. მძიმე წონაში ტალახაძემ რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადა მოიგო. მას შეუძლია, გახდეს მეორე ქართველი სპორტსმენი ვიქტორ სანეევის შემდეგ, რომელიც სამ ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს. ტალახაძეს არაერთი მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის.

ძალოსნობა პარიზის ოლიმპიადაზე

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რიადში, საუდის არაბეთში 61 ქვეყნიდან, ჯამში, 213 სპორტსმენი იბრძოდა პარიზის 2024 წლის თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად და ყველა მათგანის დოპინგტესტი უარყოფითი იყო. ამ სპორტში საჭირო გახდა სერიოზული ზომების მიღება, რათა დარჩენილიყო ოლიმპიური პროგრამის ნაწილად.

ჩინელები პარიზის ოლიმპიადაზე ფავორიტების რანგში იქნებიან, განსაკუთრებით მსუბუქ წონებში, მათ კონკურენციას ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებიც გაუწევენ. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 76 კილოგრამში ეკვადორელი ჩემპიონი ნეისი დახომესიც პარიზში 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადაინაცვლებს, მას შემდეგ, რაც მან ამ წონაში ბევრ წარმატებას მიაღწია, მათ შორის პანამერიკის ბოლო ორ ჩემპიონატზე. პარიზში +81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 21 წლის სამხრეთ კორეელი პარკ ჰი-ჟონგისგან დიდი მოლოდინები იქნება მას შემდეგ, რაც შესანიშნავად იასპარეზა 2023 წლის მსოფლიო თასზე და აზიის თამაშებზე.

მთავარი სანახაობა კი მაყურებელს მძიმე წონაში ელის. ლაშა ტალახაძეს შეუძლია, გაზარდოს თავისი მონაგარი, როგორც ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსან ძალოსანს. ტოკიოს თამაშებზე მიმავალი 27 წლის ტალახაძისთვის მთავარი ტურნირი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც თავისივე დამყარებული ორი რეკორდი გააუმჯობესა აკვრასა და ორჭიდში. ისტორიაში პირველად, ქართველი სამივე დისციპლინაში რეკორდსმენი გახდა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რიადში ჩატარდა, ტალახაძემ სამივე რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ქართველმა ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში – 253, ორჭიდში კი – 473. ეს პირველი შემთხვევა იყო ოლიმპიადაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა, ტალახაძის გარდა, კიდევ ოთხმა ძალოსანმა შეძლო ორჭიდში 450 კილოგრამზე მეტის დაფიქსირება. ტალახაძის მწვრთნელის გიორგი ასანიძის მესიჯი ნათელია – პარიზის ოლიმპიადის წინ მეტი მუშაობაა საჭირო.

პარიზის 2024 წლის თამაშებზე ძალოსნობა სამხრეთ პარიზის არენაზე 7 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მედლები კი ყოველი დღის დასრულების შემდეგ დარიგდება.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადაზე: შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)