პარიზი 2024 | საფეხბურთო ტურნირის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან #1TVSPORT
პარიზი 2024 | საფეხბურთო ტურნირის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ოლიმპიადის მასპინძელმა, საფრანგეთის ნაკრებმა ეგვიპტესთან რთულ ბრძოლაში შეძლო ფინალის საგზურის მოპოვება. ეგვიპტელები 62-ე წუთზე დაწინაურდნენ, ფრანგებმა ანგარიში შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გაათანაბრეს და დამატებითი დრო დაინიშნა.

პირველ დამატებულ ტაიმში ეგვიპტელები კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა მოედნიდან ფაიედი გააძევა. მასპინძებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს, დამატებით დროში ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:1 მოიგეს.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა მაროკო 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში მაროკოელებმა რაჰიმის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს.

ესპანელებმა მეორე ტაიმში თამაში გამოასწორეს და შედეგსაც მიაღწიეს – 66-ე წუთზე ანგარიში ფერმინ ლოპესმა გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე სანჩესმა მეორე გოლი გაიტანა და ესპანეთს ფინალის საგზური მოუტანა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ეგვიპტისა და მაროკის ნაკრებები შეხვდებიან, ფინალში კი საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებენ.

მატჩი მესამე ადგილისთვის

8 აგვისტო

19:00 | ეგვიპტე – მაროკო

ფინალი

9 აგვისტო

20:00 | საფრანგეთი – ესპანეთი