„პარი სენ-ჟერმენმა“ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა - გუნდთან ერთად არ იყო ნეიმარი
„პარი სენ-ჟერმენმა“ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა - გუნდთან ერთად არ იყო ნეიმარი

სამშაბათს მაურისიო პოჩეტინომ, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდთან ერთად არ იყო ნეიმარი, რომელიც ტრავმისგან ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს და ბრაზილიის ნაკრების ათმა ნომერმა, 13 დეკემბერს, „ლიონთან“ მატჩის დროს მიიღო ტრავმა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ნეიმარის დაზიანება მძიმე იქნებოდა და ის მთელ სეზონს გამოტოვებდა, მაგრამ ტრავმა შედარებით უფრო მსუბუქი აღმოჩნდა. ნეიმარი თავის გუნდს „ლორიენთან“, „ლილთან“ და „სტრასბურგთან“ დაპირისპირების დროს ვერ დაეხმარა და „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგადაც ვერ ითამაშებს.

პსჟ-ს ამ შეხვედრაში ნეიმართან ერთად არც ​კიმპემპე, ფლორენცი, კურზავა, ფერეირა და რაფინია ეყოლება. ეს მატჩი პოჩეტინოსთვის, პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში, სადებიუტო იქნება.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 17 ტურის შემდეგ 35 ქულით  მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერებს „ლილს“ და „ლიონს“ 1 ქულით ჩამორჩება.