„პარი სენ-ჟერმენმა“ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის თანხების მოძიება დაიწყო
პარიზული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური განცხადების თანახმად, პსჟ აპირებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის თანხების მოძიების საქმეში.
„პსჟ სრულიად იზიარებს იმ ადამიანთა ემოციებს, რომლებიც შოკირებული და დამწუხრებული არიან ამ კატასტროფის გამო. კლუბმა უკვე დაიწყო თანხების მოძიება ტაძრის აღსადგენად. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობას, რაც გაგვაჩნია. პროცესში ჩავრთავთ პარტნიორებსა და გულშემატკივართა უმსხვილეს გაერთიანებებს, როგორც პარიზში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენი მიზანია, მონაწილეობა მივიღოთ ტაძრის რეკონსტრუქციაში და ამისკენ სხვებსაც მოვუწოდოთ.
ამასთან, პსჟ სოლიდარობას უცხადებს და აღფრთოვანებას გამოხატავს იმ მეხანძრეების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიმამაცისა და თავდადების მეშვეობით შეაჩერეს ცეცხლი და მაქსიმალურად ეცადნენ დაზიანების მასშტაბის შემცირებას. „კლუბი მათაც უცხადებს მხარდაჭერას“ – ნათქვამია „პარი სენ-ჟერმენის“ განცხადებაში.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი გუშინ გაჩნდა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.