„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი აცხადებს, რომ პირადად დაუკავშირდა „რეალ მადრიდის“ ხელმძღვანელობას, რადგან მობეზრდა მუდმივი სპეკულაციები მადრიდელთა მხრიდან ნეიმარით დაინტერესებისა და ბრაზილიელის პარიზიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.
„პარი სენ-ჟერმანმა“ ნეიმარი „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს გასულ ზაფხულს მოხდა და მას შემდეგ ბრაზილიელი ვარსკვლავით „რეალის“ დაინტერესების თაობაზე ხმები არ წყდება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, რამდენიმე თვის წინ, „რეალი“ იძულებული გახდა, ოფიციალურად უარეყო ესპანეთის ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ფლორენტინო პერესმა პარიზულ გუნდს ბრაზილიელში 310 მილიონი ევრო შესთავაზა.
„ჩვენ ეს ძალიან არ მოგვწონს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პირადად დავკავშირებოდით მადრიდელებს“, – განაცხადა ალ-ხელაიფიმ, – „ცოტათი გამაღიზიანებელია, როდესაც სხვა კლუბები ჩვენი მოთამაშეების შესახებ ასე საუბრობენ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ისინი პატივს სცემენ ჩვენს კლუბს. ასე გვითხრეს და იმედია, ეს სიმართლეა. ჩვენც დიდ პატივს ვცემს ფლორენტინო პერესსა და „რეალ მადრიდს“, უბრალოდ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ზურგსუკან არავინ საუბრობდეს“.